პარიზში დაიწყო სასამართლო პროცესი ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებით. სხდომამდე მსახიობის ადვოკატმა უარყო ყველა ბრალდება, იუწყებიან სააგენტოები AFP და Associated Press.
"ყველა ბრალდება ყალბია, - განაცხადა ადვოკატმა ჟერემი ასუმ. - სიმართლე ჩვენს მხარესაა". იურისტმა პირობა დადო, რომ დაამტკიცებს ბრალდებების უსაფუძვლობას "მიუკერძოებელი, ობიექტური გზით" და მათ "სრულიად გაყალბებული" უწოდა.
ასუმ დაამატა, რომ მსახიობმა გადაიტანა გულის შულტირების ოპერაცია და დიაბეტით არის დაავადებული. სასამართლოს მიერ დანიშნულმა სამედიცინო ექსპერტმა დაადგინა, რომ დეპარდიეს შეუძლია, წარდგეს სასამართლოს წინაშე, თუმცა რეკომენდაცია გასცა, რომ მოსმენები არ გაგრძელდეს 6 საათზე მეტ ხანს, ყოველ 15 წუთში შესვენებით და სადილით.
76 წლის დეპარდიეს მხარდასაჭერად სასამართლო დარბაზში მოვიდნენ მისი ქალიშვილი როქსანა, მისი დედა და მსახიობის ყოფილი პარტნიორი კარინ სილა, ასევე მსახიობი ფანი არდანი. ეს უკანასკნელი გამოვიდა როგორც დაცვის მოწმე.
სარჩელის საფუძველი გახდა ფილმი "მწვანე დარაბები" (Les Volets Vert, 2021). ფილმის დეკორატორმა (ამჟამად 54 წლის) და რეჟისორის ასისტენტმა (34 წლის) დეპარდიეს ბრალი დასდეს იმაში, რომ გადასაღებ მოედანზე ის უხამს კომენტარებს აკეთებდა და მათ შეუფერებლად ეხებოდა. კერძოდ, ეხებოდა მკერდზე, დუნდულებზე და სასქესო ორგანოებზე.
მათ სარჩელი შეიტანეს არტისტის წინააღმდეგ 2024 წლის დასაწყისში სექსუალური ძალადობის, შევიწროებისა და სექსუალური შეურაცხყოფის მუხლებით. მას ემუქრება 5 წლამდე პატიმრობა და 75 ათას ევრომდე ჯარიმა.
ჟერარ დეპარდიე, რომელიც 200-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა, არაერთხელ დაადანაშაულეს სექსუალურ ძალადობაში. 2023 წლის აპრილში მსახიობის უხამსი ქცევის შესახებ განაცხადა 13-მა ქალმა - მსახიობებმა, სტატისტებმა და გრიმიორებმა. თუმცა ეს არის პირველი საქმე მსახიობის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლომდე მივიდა.
მოსალოდნელია, რომ მოსმენები გაგრძელდება მინიმუმ ორი დღის განმავლობაში, თუმცა შესაძლოა გახანგრძლივდეს. სასამართლოს ვერდიქტი მოგვიანებით არის მოსალოდნელი.