უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას განაცხადა, რომ 1-ელ მაისს უკრაინის საზღვართან, ბელარუსის მხარეს, "საკმაოდ უცნაური აქტივობა" შეინიშნებოდა. მანვე დაამატა, რომ უკრაინა ვითარებას ყურადღებით აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებს. 

"საკმაოდ უცნაური აქტივობა იყო უკრაინასა და ბელარუსს შორის საზღვრის მონაკვეთებზე, ბელარუსის მხარეს. ჩვენ ყველაფერს ფრთხილად ვიწერთ და ვაკვირდებით, და თუ საჭიროა, პასუხსაც გავცემთ. უკრაინა მზადაა თავისი ხალხისა და სუვერენიტეტის დასაცავად, და ყველას, ვისაც უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის აგრესიულ ქმედებაში ითრევენ, ეს უნდა ესმოდეს." – განაცხადა მან. 

უკრაინული მედიის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რას გულისხმობდა ზელენსკი ბელარუსის მხარეს მომხდარ "უცნაურ აქტივობაში". 

ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პარტნიორებთან ახალი სანქციების მომზადებაზე მუშაობაც. 

"განვაგრძობთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურესა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში – ყველასთან, ვისაც შეუძლია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და დამატებითი ეკონომიკური ძალით უკრაინის უზრუნველყოფა. ჩვენ მაისში მოლაპარაკებებიდან ხელშესახებ შედეგებს მივიღებთ." – დაამატა ზელენსკიმ.