რუსეთი შესაძლოა, სანქციების შემსუბუქების ან მოხსნის სანაცვლოდ გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სა და ევროპას მოუწოდა, შეინარჩუნონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და წინააღმდეგობა გაუწიონ მოსკოვის მცდელობებს, შეარბილოს ისინი.

„ვფიქრობ, რუსეთს შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის საკითხი წამოჭრას ცალკეული საწარმოებისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, მისთვის ცნობილია, რომ რუსები SWIFT-ის სისტემის გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნის საკითხს აყენებენ, რათა მათმა ბანკებმა ფუნქციონირება შეძლონ.

„ეს ყველაფერი უკრაინისთვის დიდ რისკს წარმოადგენს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.