უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ მზად ვართ ლიდერების დონეზე შევხვდეთ. ეს იცის ამერიკულმა მხარემ და "რუსულმა" მხარემ. ჩვენ მზად ვართ ტრამპ-პუტინი-ზელენსკის ფორმატისთვის და მზად ვართ ტრამპ-პუტინის, ტრამპ-ზელენსკის და შემდეგ ჩვენ სამის ფორმატისთვის. თუ პუტინს ორმხრივი შეხვედრა არ მოსწონს, ან ყველას სურს, რომ ეს სამმხრივი შეხვედრა იყოს, ჩემთვის სულ ერთია. მე ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვარ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შემდგომი მოლაპარაკებებისთვის რამდენიმე პლატფორმა განიხილება. სტამბოლის გარდა, სადაც მხარეები ბოლოს შეხვდნენ, ვარიანტებად ასევე განიხილება შვეიცარია და ვატიკანი.
"თურქულმა მხარემ იცის, რომ ჩვენ რამდენიმე პლატფორმის საკითხს განვიხილავთ. და რომ ჩვენ ვატიკანსა და შვეიცარიასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ. ვატიკანს, პრინციპში, ყველა უჭერს მხარს. მე მგონია, რომ რუსები ამას მხარს არ უჭერენ. იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ მედიასივრცეში ვხედავთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.