უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების აშშ-ის წინადადებასთან დაკავშირებით „მგრძნობიარე საკითხებს“ განიხილავენ.

უკრაინის ომის დასრულების  აშშ-ის სამშვიდობო წინადადების შესახებ ჟენევაში დიპლომატების დაძაბული მუშაობის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ბევრი შესაბამისი მოსაზრება იქნა გათვალისწინებული და ამჟამად მასში 28 პუნქტზე ნაკლებია“.  

ორშაბათს, უკრაინული დელეგაცია შვეიცარიიდან დაბრუნდა და „ნაბიჯების ახალი პროექტის შესახებ მოახსენა“, - თქვა ზელენსკიმ. „ეს ნამდვილად სწორი მიდგომაა. მე პრეზიდენტ ტრამპთან მგრძნობიარე საკითხებს განვიხილავ“.

„ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ჩვენზე, უკრაინაზე, ჩვენს ხალხზე ზეწოლას არ შეამსუბუქებს. ამ დღეებში, ამ კვირებში ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ საჰაერო თავდასხმის სირენების და თავდასხმის ყველა მსგავსი მუქარის მიმართ“, - თქვა მან თავის ყოველდღიურ მიმართვაში.

უკრაინის ლიდერმა თავისი გამოსვლა დაასრულა მოწოდებით, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე და შეწყვიტონ თავდასხმები უკრაინაზე.

„თუ ჩვენ ნამდვილად ვწყვეტთ ომს, მაშინ არ უნდა იყოს რაკეტები, არ უნდა იყოს მასობრივი დარტყმები უკრაინაზე, ჩვენს ხალხზე. ამის გაკეთება შეუძლიათ მათ, ვინც ნამდვილად გავლენიანია მსოფლიოში. ბევრი რამ არის დამოკიდებული ამერიკაზე“, - თქვა მან.