უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა "რამშტაინის" ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ დამატებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტებს მიიღებს.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გუშინ გაიმართა. შეხვედრაზე კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას 440 მილიონი კანადური დოლარის (305 მილიონ დოლარზე მეტი) ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას რაც შეიძლება მალე გადასცემს IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მართვად რაკეტებს. მისი თქმით, რაკეტები თავდაპირველად ბუნდესვერისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ წარმოებიდან პირდაპირ უკრაინაში გაიგზავნება. გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

დახმარება მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, ჭურვებს და სხვა აღჭურვილობას F-16-ებისთვის.

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფი შეიქმნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ინიციატივით.