უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა 13 მაისს, მოკლე ვიზიტით რომს ეწვიოს, რომლის ფარგლებშიც ის პრემიერ-მინისტრ მელონის და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება. ამის შესახებ იტალიური სააგენტო ANSAწყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა ხანმოკლე ვიზიტით იტალიას გერმანიაში ვიზიტისას ეწვიოს, სადაც ის ამ შაბათ-კვირას უნდა იყოს.

ვატიკანში სააგენტოს წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ზელენსკის რომის პაპი შეხვდეს, მაგრამ "ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და შესაბამისად, არ არსებობს შესაძლო შეხვედრის დროისა და ადგილის ოფიციალური დასტური."

2023 წლის აპრილში რომის პაპმა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მიიღო. თავად ზელენსკი ვატიკანში ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იმყოფებოდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში პირველად 2023 წლის თებერვალში ჩავიდა. მან კიევში უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავდა საჰაერო თავდაცვის სისტემებს SAMP / T-MAMBA, Spada და Skyguard.