უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემების, კერძოდ კი Patriot-ისა და SAMP/T კომპლექსების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კიევი დასავლელი პარტნიორებისგან ახალ რადარებსა და საზენიტო სარაკეტო კომპლექსებისთვის აუცილებელ საბრძოლო მასალას ელოდება. 

საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან გამართული ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა ფრანგული მხარისგან საჰაერო თავდაცვისთვის ახალ რადარებს უკვე შემოდგომაზე მიიღებს.  

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას უახლოესი ზამთრისთვის საჰაერო თავდაცვის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის 300-360 რაკეტა ესაჭიროება.

"მე მინდოდა Patriot-ის 300 რაკეტა ზამთრისთვის. ჩვენი საჰაერო ძალების მოთხოვნა 360-ია. მაგრამ, როდესაც წელიწადში 680-მდე იწარმოება, 360 ადვილი საშოვნელი არ არის. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნებთან დამატებით ვარიანტებზე. და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ შევძლებთ აშშ-ში გარკვეული მცირე პროცენტის — ვთქვათ, 5% ან 10% — პოვნას. და ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ ამ მიწოდებისთვის. ანუ, ამერიკას შეეძლებოდა თავისი მარაგი შეევსო, ჩვენ კი ზამთარს გადავტანდით", — აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიაღწია შეთანხმებას გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან, 2027–2028 წლებისთვის 600 ერთეული PAC-2 ტიპის რაკეტის მიღებაზე, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან ბალისტიკურ სამიზნეებსაც.