უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თურქეთს და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების მხარდაჭერისთვის, ასევე 16 მაისს, სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგი იყო ათასი უკრაინელის გათავისუფლება.
„უკრაინა მუდმივად უჭერს მხარს ომის დასრულების დიპლომატიურ გზას. ჩვენ ვაფასებთ თურქეთის შუამავლის როლს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მცდელობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ჰაკან ფიდანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთს ერთ კვირაზე მეტია, არ მოუმზადებია ე.წ. მემორანდუმი, რომლის წარდგენასაც პატიმრების გაცვლისთანავე დაჰპირდა.
„ამასთან დაკავშირებით მათგან არანაირი დოკუმენტი არ მიგვიღია. თურქეთს ასევე არ მიუღია არანაირი დოკუმენტი რუსეთისგან, რაც ქვეყნის, როგორც მასპინძელი მხარის მიმართ უპატივცემულობის გამოვლინებაა. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ისინი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობაზე.
„აუცილებელია ყველაფრის გაკეთება, რაც შესაძლებელია, რათა რუსეთი ვაიძულოთ, დაასრულოს ეს ომი. მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს მსოფლიოსთვის თავისი პირობების დაწესება და გულწრფელად დაიწყოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თარგმანი: პირველი არხი