ძვირფასო ევროპის ლიდერებო, უკრაინამ გაიარა რთული გამოწვევა და ინტენსიური რუსული სარაკეტო შეტევები, სწორედ ამ გამოწვევებზე უნდა ვკონცენტრირდეთ ახლა, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებს.
როგორც ევროპელი ლიდერებისთვის მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, ერთიანობა მოიტანს სრულ შედეგს ნებისმიერ ველზე, როდესაც ხალხისა და ევროპის დაცვის მიზანი ამოძრავებთ.
"ძვირფასო ევროპის ლიდერებო, უკრაინამ გაიარა რთული გამოწვევა და ინტენსიური რუსული სარაკეტო შეტევები, სწორედ ამ გამოწვევებზე უნდა ვკონცენტრირდეთ ახლა. დილის სამ საათზე ჩვენი მოსახლეობა აფეთქებამ გააღვიძა. ჩვენს ცაზე 18 სხვადასხვა ტიპის რუსული რაკეტა მიფრინავდა. მათ შორის – ბალისტიკური. გვითხრეს, რომ ასეთი რაკეტები გარანტირებულ სიკვდილს მოიტანდა, რადგან მათი მოგერიება ფაქტობრივად შეუძლებელია. რუსეთი ერთდროულად იყენებდა ბალისტიკურ რაკეტებს, საკრუიზო რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს, რათა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის რთული ყოფილიყო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, თუმცა ყველა სიცოცხლე დავიცავით, ყველა რაკეტა მოვიგერიეთ, მათ შორის, ბალისტიკურიც, ეს ისტორიული შედეგია.
ერთი კითხვა მაქვს, თუ ჩვენ შევძელით ამის გაკეთება, არის თუ არა რაიმე, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, როდესაც ვართ ერთიანები და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს. პასუხი არის ის, რომ ერთიანობა მოიტანს ასპროცენტიან შედეგს ნებისმიერ ველზე, როდესაც ჩვენი ხალხისა და ევროპის დაცვის მიზანი გვაქვს. ამჟამად ვინც ამ სამიტზეა და ვინც გვეხმარება, ჩვენ ევროპელები ვართ, ამიტომ ჩვენ თავისუფლები ვართ. ჩვენ ევროპელები ვართ, ამიტომ ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენ ევროპელები ვართ, ამიტომ ვმოქმედებთ ჩვენი ძალების 100%-ით, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ცხოვრების წესის დაცვას. დაე, ეს იყოს სამუდამოდ ჩვენი კონტინენტის წესი", – განაცხადა ზელენსკიმ.