"პუტინი უნდა მიხვდეს, რომ ეს ხიდი ვერ გადარჩება", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ქერჩის სრუტის გავლით მიმავალი ყირიმის ხიდის მომავალ ბედს ეხებოდა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ნაგებობაზე განხორციელებული დარტყმები კანონიერია, რადგან ნახევარკუნძული 2014 წლის გაზაფხულიდან რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული.
"ეს ჩვენი სრულიად კანონიერი სამიზნეა, რადგან მათ ყირიმის — ჩვენი ყირიმის ოკუპაცია მოახდინეს. 2014 წელს ეს მათი პირველი სამიზნე იყო. მათ ჩვენი ტერიტორია დაიკავეს, შემდეგ კი ეს ხიდი ააშენეს და განაცხადეს, რომ ის რუსეთის ნაწილია", — განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა და შეახსენა, რომ ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ მოსკოვმა შეცვალა თავისი კონსტიტუცია და შიდა კანონმდებლობა, რითაც უკრაინული ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას შეეცადა.
"თუმცა, რუსეთის ამგვარ ქმედებებს მსოფლიოში მხარი არავინ დაუჭირა და მათ საერთაშორისო აღიარება არ გააჩნია", - კონსტატაცია მოახდინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმები შესაძლოა, გაგრძელდეს, რუსეთმა კი უნდა იგრძნოს, რა არის ომი და გააცნობიეროს, რომ უკრაინულ ნახევარკუნძულზე კონტროლის შენარჩუნება შეუძლებელია. "მათ ჩვენს რამდენიმე ობიექტს შეუტიეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვეპასუხა. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყირიმის ხიდზე დარტყმით ვუპასუხეთ. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს დიპლომატიური თუ სამხედრო გზით, არ შევეგუებით იმას, რომ ტერიტორიები პუტინისა და რუსების მიერ არის ოკუპირებული", — შეაჯამა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია ყირიმის ხიდს დღემდე იყენებს იმისთვის, რომ ნახევარკუნძულზე რაც შეიძლება მეტი იარაღი გადაისროლოს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ყოველდღიური ანგარიშების თანახმად, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ხშირად სწორედ ანექსირებული ყირიმიდან ხდება.




