უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ნიდერლანებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ომის შედეგად უკრაინას 400 მილიარდი დოლარის ზიანი მიადგა.

ზელენსკის თქმით, ეს მსოფლიო ბანკის შეფასებაა და საუბარია მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ახლა უკრაინა აკონტროლებს.

ზიანის ოდენობა მოიცავს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მშენებლობას, ეკოლოგიურ ზიანს, ჯანდაცვისა და კულტურის დაწესებულებებს და სხვ.

როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN კიევის ეკონომიკის სკოლის გამოთვლებზე დაყრდნობით წერს, რუსული თავდასხმის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურა 144 მლრდ დოლარს შეადგენს.

ომის დაწყებიდან ევროკავშირმა გაყინა რუსული აქტივები დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხოლო შეერთებულმა შტატებმა - დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი. მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს ცალსახა სამართლებრივი პასუხი შეკითხვაზე, კანონიერი იქნება თუ არა ამ თანხების უკრაინისთვის გადაცემა.