ესპანეთი გახდა 21-ე ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს უკვე 21-ე ასეთი დოკუმენტია ალიანსის წევრებთან და ეს არის უმრავლესობა. ჩვენ ვილნიუსში, ალიანსის სამიტზე ესპანეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს და უკრაინა დარწმუნებულია, რომ დღეს ყველა საფუძველი არსებობს უკრაინის NATO-ში მისაწვევად," - აღნიშნა ზელენსკიმ.

ესპანეთისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ესპანეთი მხარს უჭერს ნატოს პარტნიორობის გაძლიერებას უკრაინასთან, კერძოდ, NATO-უკრაინის საბჭოს, როგორც მიმდინარე თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და გაფართოების პლატფორმის დაარსებას.

"ესპანეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის მხარდაჭერას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, NATO-ს 2022 წლის სტრატეგიული ხედვისა და NATO-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციის შესაბამისად," - ნათქვამია დოკუმენტში.

29 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ზელენსკის დიპლომატიურმა მრჩეველმა იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავა, თუ უკრაინა დამაკმაყოფილებელ შედეგს მიიღებს.