უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუმცა არ შეიძლება დარწმუნებული იყო იმ ქვეყნის ლიდერის მიმართ, რომელმაც რეალობასთან კავშირი დაკარგა. ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ის ილაპარაკებს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, არ ვფიქრობ, რომ მზად არის ამისთვის, რადგან ეშინია თავისი სიცოცხლის გამო, მას ის ძალიან უყვარს.
მაგრამ დარწმუნებით არ შემიძლია ვილაპარაკო განსაკუთრებით ამ ადამიანზე, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი აქვს, რომელმაც 21-ე საუკუნეში გააჩაღა სრულმასშტაბიანი ომი თავისი მეზობლის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ გაიხსენა, რომ აგრესორი ქვეყნის ლიდერი უკრაინისთვის საფრთხედ 2014 წლიდან გახდა, როდესაც მისი ტერიტორიები მიიტაცა.
16 ივნისს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა, განთავსების პროცესი კი საბოლოოდ წლის ბოლომდე დასრულდება.
ამასთან, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ბელარუსში გრძელდება ბირთვული იარაღისთვის საცავის მომზადება, თუმცა საცავში რუსეთიდან ჯერ არც ერთი ქობინი არ გადაუტანიათ.
20 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია.