ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური სააგენტოები ავრცელებენ.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ დღეს დილით ფედერალურმა პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის სახლში, დედაქალაქ ბრაზილიაში და მის ლიბერალურ პარტიასთან დაკავშირებულ მისამართებზე ჩხრეკა ჩაატარა. 

უზენაესი ფედერალური სასამართლოს მიერ ჟაირ ბოლსონარუსთვის დაწესებული  შემზღუდავი ზომების თანახმად, იგი ფედერალური პოლიციის მუდმივ თვალყურის ქვეშ მყოფი ობიექტია და ვალდებულია ატაროს ელექტრონული ფეხის სამაჯური.

მას ეკრძალება უცხოელ ელჩებთან და დიპლომატებთან კომუნიკაცია (მას არ აქვს უფლება მიუახლოვდეს საელჩოებს), ასევე სხვა ბრალდებულებთან და უზენაესი სასამართლოს გამოძიების ქვეშ მყოფ პირებთან, მათ შორის, ამჟამად შეერთებულ შტატებში მყოფ შვილთან, ფედერალურ დეპუტატ ედუარდო ბოლსონარუსთან. ყოფილ პრეზიდენტს ეკრძალება სოციალური ქსელების გამოყენება და ევალება სახლში დარჩენა საღამოს 7 საათიდან დილის 7 საათამდე.

ბრაზილიური მედია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იმ დროს იქნა მიღებული, როდესაც ბრაზილიის სასამართლო სისტემა განიცდის ზეწოლას დონალდ ტრამპისგან, რომელმაც სოციალურ მედია გამოქვეყნებულ პოსტში ბრაზილია ყოფილი მემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და ბრაზილიურ საქონელზე 50%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ განაცხადა, ხოლო შეერთებულ შტატებში მყოფი ჟაირ ბოლსონარუს ვაჟი, ედუარდო ბოლსონარუ, სოციალურ მედიაში სანქციების დაწესებას ზეიმობს.  

ამჟამად ბოლსონარუს წინააღმდეგ 2022 წლის არჩევნების შედეგების გასაუქმებლად დაგეგმილ შეთქმულებაში მისი სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით ხორციელდება სამართლებრივი პროცესები.

როგორც Folha de Sao Paolo წერს, გუშინ, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტში, დონალდ ტრამპი მიმართავდა ჟაირ ბოლსონარუს, ამბობდა, რომ მისდამი „საშინელი მოპყრობის“ მოწმეა და განაგრძობდა:

„ეს სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, არ მიკვირს, რომ გამოკითხვებში ლიდერობთ, თქვენ ძალიან პატივცემული და ძლიერი ლიდერი იყავით, რომელიც კარგად ემსახურებოდა თავის ქვეყანას“.

ამერიკის პრეზიდენტის მტკიცების საწინააღმდეგოდ, გამოკითხვის თანახმად ბოლსონარუ არაა პირველი.  მეორე ტურის მოდელირება უჩვენებს, რომ პრეზიდენტ ლულას მეტოქეობას უწევს, თუმცა ჩამორჩება,  სან-პაულუს შტატის გუბერნატორი ტარსიზიო დე ფრეიტასი ( (ლულას 41% აქვს, ტარსიზიო დე ფრეიტასს კი 37%). ბოლსონარუსთან დაპირისპირების შემთხვევაში ინასიუ ლულა 43%-ს იღებს, მეტოქე კი 37%-ს, - წერს Folha de Sao Paolo.