The Wall Street Journal (WSJ) ავრცელებს დეტალებს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში გამართული საიდუმლო ვიზიტის შესახებ.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის წინა დიპლომატიური მცდელობების უშედეგობის ფონზე, გადაწყვიტა ტაქტიკის შეცვლა და მთავარ სადაზვერვო უწყებას უკრაინაში ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მიმართული კონფიდენციალურობის მისია დააკისრა.  

ვიზიტი იმდენად დაფარული იყო, რომ ტრამპმა მისი დეტალები თეთრი სახლის ზოგიერთ უახლოეს მრჩეველსა და სამხედრო ხელმძღვანელობასაც კი არ გაუზიარა, რამაც დამატებითი დაძაბულობა და გაოცება გამოიწვია ევროპელ მოკავშირეებში.  

CIA-ს ხელმძღვანელი მოსკოვში (ვუნუკოვოს აეროპორტში) ლატვიიდან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით (Boeing C-17) ჩაფრინდა. რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც დელეგაცია უკან გაემგზავრა.  

დასავლური წყაროების თანახმად, შეხვედრაზე განხილული იყო არა მხოლოდ უკრაინის საკითხი, არამედ მკაცრი სიგნალი გაიგზავნა NATO-ს საზღვრებისა და ალიანსის წევრებზე შესაძლო პროვოკაციების დაუშვებლობის შესახებ. ასევე, ყურადღება დაეთმო მოსკოვისა და ირანის სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შეზღუდვის თემას.  

თავად დონალდ ტრამპმა მოგვიანებით ეს ვიზიტი "რუტინულად" შეაფასა და უარყო მედიაში გავრცელებული ვარაუდები, თუმცა გავრცელებული ცნობებით, ვაშინგტონში დაბრუნებული რეტკლიფი პირადად, საათობით აბარებდა ანგარიშს პრეზიდენტსა და პენტაგონის ხელმძღვანელობას.