აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის არსებული სპეცსამსახურების კონტაქტებს უკავშირდება. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულ გამოცემა The Washington Post-ს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაუდასტურა, თუმცა ვიზიტის სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

კრემლმა ასევე, კატეგორიულად უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელს შორის შეხვედრა იგეგმებოდა.

დასავლური მედიისა და ჟურნალისტური წყაროების, მათ შორის CBS-ის კორესპონდენტისა და Axios-ის ჟურნალისტის ცნობით, რეტკლიფი მოსკოვში აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩავიდა. მონაცემების მიხედვით, მან ვაშინგტონიდან რიგის გავლით იმოგზაურა და თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაჯდა, ხოლო უკან, მოსკოვიდან დაახლოებით რვა-ნახევარი საათის შემდეგ გაფრინდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირებს ამ ვიზიტის შესახებ წინასწარ არ განუცხადებიათ.

მსგავსი მისია ჰქონდა 2021 წლის ნოემბერში მაშინდელი დირექტორის, უილიამ ბერნსის მოსკოვში ვიზიტსაც, რომელიც ჯო ბაიდენის დავალებით, უკრაინაში მოსალოდნელი ომის თავიდან ასაცილებლად ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ დელეგაციის ვიზიტამდე გარკვეული ნაბიჯები გადადგა. როგორც ბრიტანული გაზეთის, Financial Times-ის მთავარი რეპორტიორი უკრაინაში კრისტოფერ მილერი სოციალურ ქსელ X-ში წერდა, აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინა მოსკოვში მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტის შესახებ გააფრთხილა და სთხოვა, რომ 24, 25 და 26 აგვისტოს პერიოდში მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონების მიმართულებით დრონებითა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმებისგან თავი შეეკავებინა.