უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) თავდასხმებმა რუსული მსხვილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის საწყობებზე, კომპანიასა და მის გამყიდველებს კოლოსალური ფინანსური ზარალი მიაყენა. რუსული "ფორბსის" ინფორმაციით, კვლევითი სააგენტო Data Insight-ის ანალიტიკოსის, სერგეი სემკოს შეფასებით, ერთობლივმა ზარალმა, შესაძლოა, 600-დან 800 მილიარდ რუბლამდე შეადგინოს.

ანალიტიკოსის თქმით, დრონების იერიშების შედეგად განადგურებული ან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას უზარმაზარი ფინანსური რესურსი დასჭირდება.

მხოლოდ საწყობებისა და შენობების აღდგენა კომპანიას 147-დან 223 მილიარდ რუბლამდე დაუჯდება.

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება ნანგრევების სრული დემონტაჟი, ნარჩენების გატანა და ტერიტორიის რეკულტივაცია, Wildberries-ის ხარჯები, შესაძლოა, 278,9 მილიარდ რუბლამდე გაიზარდოს.

ფინანსური დარტყმის დიდი წილი პლატფორმაზე რეგისტრირებულ მეწარმეებზე მოდის. სერგეი სემკოს გათვლებით, მარკეტპლეისის გამყიდველების საერთო ზარალი 445-დან 507,8 მილიარდ რუბლამდე მერყეობს.

კომპანიის საწყობებზე თავდასხმების შედეგად 400 000-ზე მეტი სელერი დაზარალდა.

განადგურებული საქონლის თვითღირებულება 200-300 მილიარდ რუბლს შეადგენს, ხოლო მრავალი გამყიდველის მარაგების 95%-მდე სრულად დაიწვა.

ზარალის საერთო თანხამ, მიუღებელი მოგების გათვალისწინებით, შესაძლოა, 600-700 მილიარდ რუბლს მიაღწიოს.