ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს მოსკოვში აღლუმზე დასწრება სურს, ეს უცნაური სურვილია, ჩვენ ამას არ გირჩევთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, უკრაინამ რუსეთს არაერთხელ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა, მათ შორის, 6 მაისიდან.
„უკრაინა მზად იყო სრული დუმილის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ჩვენი სამშვიდობო წინადადების საპასუხოდ, მხოლოდ ახალი რუსული დარტყმები, რუსეთის მხრიდან ახალი მუქარა მივიღეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე განმარტებით, რუსეთი ცდილობს უზრუნველყოს აღლუმის უსაფრთხოდ ჩატარება, თუმცა შემდეგ კვლავ გააგრძელებს საომარ მოქმედებებს.
„რუსულ მხარეს სურს, ნებართვა მიიღოს აღლუმის ჩასატარებლად, რათა ისინი წელიწადში ერთხელ, უსაფრთხოდ შევიდნენ მოედანზე ერთი საათით, შემდეგ კი გააგრძელონ ჩვენი ხალხის მოკვლა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკვე საუბრობს 9 მაისის შემდეგ შესაძლო დარტყმებზეც.
„რუსები უკვე საუბრობენ დარტყმებზე 9 მაისის შემდეგ. ეს უცნაური და ნამდვილად არაადეკვატური ლოგიკაა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან. ასევე არსებობს რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი ქვეყნის სურვილი, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში წავიდნენ. ეს უცნაური სურვილია. ჩვენ ამას არ გირჩევთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.










