ვესაუბრე ილჰამ ალიევს, მივულოცე ტრამპის დახმარებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და საიმედო უსაფრთხოების მიზნით სომხეთთან მიღწეული შეთანხმებები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

ზელენსკის თქმით, მსოფლიომ ძალიან დადებითად უპასუხა ვაშინგტონში სამმხრივ შეხვედრას და იმედოვნებს, რომ ყველაფერი გამოვა.

„მე ვაცნობე პრეზიდენტს პარტნიორებთან ჩვენი კონტაქტების შესახებ. ყველა თანაბრად არის ორიენტირებული ომის რეალურ დასრულებასა და ეფექტურ დიპლომატიაზე. ჩვენ განვიხილეთ კომუნიკაცია შეერთებულ შტატებთან, ევროპის ქვეყნებთან და ძირითადი პრინციპები, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის დაახლოება. მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ერთობლივი ძალისხმევა, რათა საბოლოოდ აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და აგრესია“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა განიხილა.

„მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. შევთანხმდით, რომ აქ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებისთვის. მე ვაცნობე რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შესახებ. უკრაინა ამას რუსეთის მიერ განზრახ მცდელობად მიიჩნევს, დაბლოკოს ენერგეტიკული მარშრუტები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენთვის და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დასაცავად“, – წერს ზელენსკი.

თარგმანი: პირველი არხი