უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკავშირმა დაპირებული მილიონი ჭურვიდან ჯერ მხოლოდ 30%–ის მიწოდება უზრუნველყო. ამის შესახებ მან კიევში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ევროპას და იმ პროცენტს, რაც თქვენ ახსენეთ, ეს მთლად ასეც არაა. იმ მილიონი ჭურვიდან, რომელსაც ევროკავშირი დაგვპირდა, 50% კი არა, 30% ჩამოვიდა. სამწუხაროდ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ერთი დღით ადრე თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ფორუმზე „უკრაინა. 2024 წელი“ თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ნახევარი დროულად არ ჩადის, რაც იწვევს უკრაინის შეიარაღებული ძალებში დანაკარგებს, ტერიტორიების დაკარგვას.