უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდა ერთიანობისა და სიმტკიცისკენ, რათა რუსეთს ომის დასრულება აიძულონ.

"თუ დასავლელი მოკავშირეები სიძლიერეს შეინარჩუნებენ, რუსეთთან ომის „ცხელი ფაზა“ შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს", – განაცხადა BBC-სთან საუბრისას.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთზე მთელი მსოფლიოს ზეწოლა, რათა ის მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან ომის შეწყვეტის შესაძლებლობის განსახილველად. უკრაინის პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ყველა ტერიტორიას აუცილებლად ძალის გამოყენებით დაიბრუნებენ.

„ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას დახმარება შეუძლია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, რომელიც მეორე დღეა, ლონდონში იმყოფება, დასავლეთის სახელმწიფოებისგან, მათ შორის დიდი ბრიტანეთისგან ისევ ითხოვს ნებართვას, რომ მათგან მიღებული იარაღით რუსეთის ტერიტორიას მანძილის შეზღუდვის გარეშე დაარტყან.