უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ჯერ არ აქვს ოფიციალური გეგმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

„ის, რაც სხვადასხვა პუბლიკაციებში ვრცელდება… დარწმუნებული ვარ, ეს არ არის პრეზიდენტ ტრამპის ოფიციალური გეგმა“, – ციტირებს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს უკრაინული მედია.

ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვეს, აქვს თუ არა უკრაინას ხედვა, როგორი უნდა იყოს პოტენციური სამშვიდობო გეგმა, რაზეც ზელენსკიმ აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ხედვა, არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ამერიკულ მხარესთან ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციამდე განვიხილეთ. ჩვენ გვქონდა საშუალება, მოგვესმინა ერთმანეთისთვის“.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა იცის უკრაინის პოზიცია. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინული და ამერიკული გუნდები ერთად იმუშავებენ.

„არ შეიძლება, არსებობდეს ცალმხრივი გეგმა, თუნდაც შეერთებული შტატების მხრიდან“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პოტენციურ გეგმასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია გავრცელდება „კიევში თუ კიევს გარეთ“, რომელთაგან ზოგი შეიძლება, სიმართლეს შეესაბამებოდეს, თუმცა უმეტესობა – არა.

„ჩვენ კვლავ დაველოდებით ჩვენს ოფიციალურ მოლაპარაკებებს და ოფიციალურ შედეგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თარგმანი: პირველი არხი