უკრაინა გახსნის უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის არქივებს, რომლებიც ვოლინის მოვლენებს უკავშირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ვოლიდიმირ ზელენსკის თქმით, საუბარია არქივების გახსნასა და ვოლინში სამძებრო და ექსჰუმაციური სამუშაოების ჩატარებაზე.
17 ივლისს ზელენსკიმ თათბირი გამართა პოლონეთთან მიმართებით უკრაინის პოლიტიკის საკითხებზე.
„პრიორიტეტები ნათელია, ევროპაში ყველას სჭირდება პატივისცემაზე დაფუძნებული კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები“, – განაცხადა ზელენსკიმ პოლონეთთან მიმართებით უკრაინის პოლიტიკის შესახებ გამართული თათბირის შემდეგ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თათბირის მსვლელობისას მონაწილეები რამდენიმე საკვანძო ნაბიჯის გადადგმაზე შეთანხმდნენ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უპირველესად, გადაწყვეტილებები დიპლომატიურ სფეროში იქნება მიღებული. მეორე ეტაპზე გაიხსნება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყველა არქივი, რომელიც მეოცე საუკუნეში ვოლინში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება. შემდეგ კი მიღებული იქნება გადაწყვეტილებები სამძებრო და ექსჰუმაციური სამუშაოების ჩასატარებლად დამატებითი ნებართვების გაცემის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ გააღრმაონ ურთიერთობა და დიალოგი უკრაინელ და პოლონელ ხალხს შორის. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ალფიოროვთან მიღწეულია შეთანხმება, ინსტიტუტის შესაძლებლობების გაფართოების შესახებ.
„ის მოამზადებს და წარადგენს სისტემურ წინადადებებს. მე ვთხოვ შესაბამის პირებს და უმაღლესი რადას პროფილურ კომიტეტს, განიხილონ უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერის გაზრდის შესაძლებლობა. უკრაინის ინტერესების ღირსეულად წარსადგენად შესაბამისი შესაძლებლობებია საჭირო“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პოლონური მედია წერს, რომ 1943 წლის ივლისში „უკრაინის მეამბოხეთა არმიამ“ კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე; როგორც პოლონური მედია აღნიშნავს, პოლონეთსა და უკრაინას წლების განმავლობაში განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ნაციონალისტების და მეამბოხეების საქმიანობის შეფასებაზე. პოლონეთისთვის ვოლინის მოვლენები გენოციდს წარმოადგენდა, უკრაინელებისთვის კი – სიმეტრიული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგს, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად იყო პასუხისმგებელი. გარდა ამისა, უკრაინელები „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას“ და „უკრაინის მეამბოხეთა არმიას“ ზოგადად ანტისაბჭოთა ორგანიზაციებად აღიქვამენ და არა ანტიპოლონურად
თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"








