უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დასკვნით ნაწილში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას მისი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის, ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.

„მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ, კეთილსინდისიერ ადამიანს საქართველოში.

ალბათ, ყველამ ნახა, რა მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას - მოწყალება უნდა გამოვიჩინოთ, განსაკუთრებით შობის წინა პერიოდში. რაც ახლა მიხეილთან დაკავშირებით ხდება, ეს მასხრად აგდებაა. ეს საქართველოს არ ეკადრება. ეს უნდა შეწყდეს.

გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლია გადაარჩინოს მისი სიცოცხლე. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპის სხვა ქვეყანაში, ამერიკაში.

ყველაზე კარგი დროა ასეთი კარგი ნაბიჯის გადასადგმელად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ტრადიციული ვიდეომიმართვისას.