უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთმა საუდის არაბეთში მდებარე ამერიკულ ავიაბაზას, რომელსაც ირანმა დაარტყა, სატელიტით ფოტოები იერიშებამდე სამჯერ გადაუღო.

საუბარში ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ინფორმაცია უკრაინული სპეცსამსახურების ყოველდღიური ანგარიშებიდან მიიღო. ამ მონაცემების მიხედვით, რუსულმა თანამგზავრებმა პრინც სულთანის ავიაბაზას ფოტოები 20, 23 და 25 მარტს გადაუღო. 

ირანმა ავიაბაზაზე იერიში 26 მარტს მიიტანა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაჭრილია 12 ამერიკელი სამხედრო. ამას გარდა, განადგურებულია E-3 Sentry ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (AWACS) თვითმფრინავი, KC-135-ის ტიპის საწვავმზიდი თვითმფრინავი და სავარაუდოდ დაზიანებულია კიდევ რამდენიმე თვითმფრინავი.

ზელენსკიმ ამერიკულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ რუსეთის მიერ ობიექტებზე სატელიტებით ფოტოების რამდენჯერმე გადაღება თავდასხმის მომზადების ნიშანია.

"ჩვენ ვიცით, რომ თუ ისინი ერთხელ იღებენ სურათებს, ეს ნიშნავს, რომ ემზადებიან. თუ მეორედ იღებენ, ეს ჰგავს სიმულაციას. მესამედ კი ეს ნიშნავს, რომ ერთ-ორ დღეში იერიში მოხდება." - თქვა ზელენსკიმ.

თუმცა NBC News-ი წერს, რომ ზელენსკის მათთვის დამადასტურებელი საბუთები არ წარმოუდგენია და არ უთქვამს თუ როგორ შეიტყო უკრაინამ სატელიტური ფოტოების გადაღების შესახებ.

ზელენსკის თქმით, "100%-ით" დარწმუნებულია, რომ რუსეთი ირანს მსგავს მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას გადასცემს, რათა მათ აშშ-ს ძალებზე იერიშები მიიტანონ.

"მე ვფიქრობ, რომ რუსეთი დაინტერესებულია ირანელების დახმარებით. და მე არ მჯერა, მე ვიცი, რომ ისინი ცვლიან ინფორმაციას... ეხმარებიან თუ არა ისინი ირანელებს? რა თქმა უნდა. რამდენი პროცენტით? ასი პროცენტით." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ გაიმეორე საკუთარი ვარაუდი, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ახლო აღმოსავლეთში ომის გახანგრძლივება აწყობს, რადგან ის ამ კონფლიქტისგან "დიდ სარგებელს იღებს". ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ნავთობის ფასი იზრდება და აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების ნაწილი დროებით გააუქმა. 

ამერიკელმა ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, რას ფიქრობს, ზრუნავს თუ არა აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უკრაინის მომავალზე.

"იმედი მაქვს, რომ კი. თქვენ იცით, როგორია დღეს შეერთებული შტატების პოლიტიკა. ისინი უფრო მეტად ზრუნავენ აშშ-ის ინტერესებზე. ეს, სხვათა შორის, გასაგებია. ჩვენ ეს გვესმის და ვფიქრობ, რომ ამერიკული გუნდი ამაში ძალიან გულწრფელია." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.