უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ჩინეთისთვის არასდროს უწოდებია მტერი, თუმცა სურს, რომ ის მისი მეგობარი იყოს.

ზელენსკიმ სამშვიდობო სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, უპასუხა ჩინელი ჟურნალისტის შეკითხვას, ჩინეთი უკრაინის მტრად მიაჩნია თუ პარტნიორად.

"უკრაინას არასდროს უთქვამს, რომ ჩინეთი მტერია. და მე გთხოვთ, არ გამოიყენოთ მსგავსი რამ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ უკრაინას ჰყავს ერთი მტერი - პუტინი, რადგან სწორედ ის დაგვესხა თავს. რაც შეეხება მეგობრებს, მიმაჩნია, რომ მეგობრები არიან ისინი, ვინც გვეხმარებიან, როცა საქმე რთულადაა. მე ვისურვებდი, რომ ჩინეთი უკრაინის მეგობარი იყოს“, - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის პატივს სცემს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და სურს, რომ ჩინეთმა პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ხალხს, თქვენს ღირებულებებს, ცხოვრებას და თქვენს არჩევანს და გვინდა, რომ ჩინეთმაც იგივე გააკეთოს. ჩინეთი არის ძალიან სერიოზული სახელმწიფო, სერიოზული ეკონომიკა, რომელსაც აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა რუსეთზე.

მე მჯერა, რომ ჩინეთს შეუძლია დაგვეხმაროს. ამიტომ, ძალიან მინდა, გარკვეული წინადადებები, რომ ჩინური მხარე ჩვენს დიალოგში იყოს ჩართული. მე ვერ მივიღებ წინადადებებს უბრალოდ მედიით, ეს არასწორია“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.