არ მინდა, ჩვენ ვიყოთ პუტინის მენიუში, ჩვენ არ ვართ სალათები, კომპოტი ამ ადამიანისთვის, მიუხედავად მისი მადისა, ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენს გარეშე ჩვენზე მოლაპარაკება არასწორია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში ყველასთვის სასურველი შედეგი არ იქნება.

„უპირობო ცეცხლის შეწყვეტა არის მხარეების დაუყოვნებლივი პოლიტიკური ნება ომის დასასრულებლად. ზედმეტი სიტყვების, მჭერმეტყველების, დაშინების გარეშე. ჩვენ უკვე ვნახეთ რუსების დაშინებები. მთელი პატივისცემით, არ მინდა, არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არ მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ პუტინის მენიუში. ჩვენ არ ვართ სალათები, არ ვართ კომპოტი ამ ადამიანისთვის, მიუხედავად მისი მადისა. ამიტომ ვთვლი, ჩვენ გარეშე ჩვენზე მოლაპარაკება არასწორია, რადგან ყველასთვის სასურველი შედეგი არ იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინის მხრიდან მობილიზაციის თემის წამოწევის მიღმა უკრაინის არმიის დასუსტება იმალება და საკითხი მდგომარეობს არა მობილიზაციაში, არამედ უკრაინის არმიის რაოდენობრივი შემადგენლობის შემცირებაში.

„პირველ რიგში, პრეზიდენტ მაკრონსაც და კანცლერ შოლცსაც, ისევე როგორც მე, სურთ მეტი დეტალის ცოდნა და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ბოლოს და ბოლოს ეს ჩვენი მიწაა, და ეს ჩვენი ხალხი იღუპება. რაც შეეხება რუსების მოთხოვნებს. ნახეთ, პუტინი უბრალოდ იღებს მგრძნობიარე თემას და წამოწევს მობილიზაციის საკითხს. მობილიზაციის, დაზვერვისა და იარაღის უკან იმალება უკრაინის არმიის დასუსტება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს ულტიმატუმი პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაწყისშიც წამოაყენა.

„ის ცვლის კონცეფციასაც, მაგრამ არ ცვლის შინაარსს. მეორე ძველი ამბავია, დაზვერვასა და იარაღზე. ის ხედავს, რომ აშშ-ს შეუძლია ასეთი ნაბიჯების გადადგმა, ამიტომაც სწორედ იმას წამოწევს წინ, რამაც შესაძლოა, იმუშაოს. ეს უკვე იყო, რატომ უნდა გავაკეთო ისევ. ეს კვლავ უკრაინის არმიის დასუსტებაა“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, მშვიდობის მიღწევა მნიშვნელოვანია ტრამპისთვის და ამერიკა არ ხედავს მშვიდობას ისე, როგორც მას პუტინი ხედავს.

„ამიტომ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი საკითხებია უპირობო ნაბიჯები, თუნდაც ვერ გამოვიდეს დიალოგი ცეცხლის შეწყვეტაზე ზღვაზე, ცაში და ფრონტზე, მაქსიმალურად გადავდგათ ეს ნაბიჯები. ამიტომ ვთვლი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სწორად გააკეთა, როდესაც თქვა: „მოდით, ვცადოთ ცეცხლის შეწყვეტა“. პუტინი უბრალოდ არ ელოდა, რომ ჩვენ დავთანხმდებოდით ამ წინადადებას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, პუტინი მაქსიმალურად შეეცდება უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლას.

„მას ექნება სურვილი წავიდეს წინ, მაქსიმალურად შემოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე. ის თავის კორეელებთან, ირანში მეგობრებთან ერთად შემოვიდეს სუმის, ხარკოვის ოლქში, რათა რაღაც მომენტში წავიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე ულტიმატუმის გზავნილებით უკრაინისადმი. სწორედ ამისთვის, რომ იყოს უფრო მომგებიან სიტუაციაში, იყოს მაქსიმალური ზეწოლა უკრაინაზე, ჩვენს ხალხზე, ჩემზე. ეს ფაქტია. სწორედ ეს უნდა მას. ამიტომ ჩვენ გვჭირდება აქ ამერიკის ძალა, პრინციპულობა, შეუპოვრობა და ზეწოლა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.