გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა (VW) 2026 წლის მესამე კვარტალის შედეგებით 5,82 მლრდ ევროს ზარალი განიცადა - ეს 5-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (-1,07 მლრდ ევრო). ასეთი მონაცემები მოყვანილია კომპანიის იანვარ-სექტემბრის ანგარიშში.
კონცერნის შემოსავალი ივლის-სექტემბერში 6,3%-ით შემცირდა და 75,3 მლრდ ევრო შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება (პროცენტებისა და გადასახადების გადახდამდე) 5,4 მლრდ-დან 0,1 მლრდ ევრომდე დაეცა. გაყიდვების მოცულობა 2,2 მლნ-დან 1,89 მლნ ავტომობილამდე შემცირდა.
მაჩვენებლების გაუარესების ძირითად მიზეზებად Volkswagen ასახელებს მსხვილ ერთჯერად ხარჯებს, სუსტ მოთხოვნას ჩინეთში, ფასების კონკურენციის გაძლიერებას მსოფლიო ბაზარზე, აშშ-ის იმპორტის ბაჟს, ასევე გაყიდვებში ელექტრომობილების წილის ზრდას - ისინი ჯერჯერობით ნაკლებად მოგებიანი რჩება შიგაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დაახლოებით 6,4 მლრდ ევროს ჩამოწერა Porsche-ს აქტივების ღირებულების გადაფასების გამო. გარდა ამისა, კონცერნმა ჩამოწერა დაახლოებით 1 მლრდ ევრო თავისი ჩინური საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებით. მთლიანობაში, ერთჯერადმა ხარჯებმა მესამე კვარტალში 7,8 მლრდ ევროს მიაღწია.
VW-ის ხელმძღვანელობა რესტრუქტურიზაციის პროგრამის დახმარებით, დაახლოებით, 31 მლრდ ევროს დაზოგვას გეგმავს. სექტემბრის დასაწყისში კონცერნის სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა კიდევ 50 ათასი სამუშაო ადგილის შემცირება მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება გერმანიაში კონცერნის ოთხი ქარხნის მომავალი 2031-2034 წლების პერიოდში.
მაჩვენებლების გაუარესების ფონზე Volkswagen-მა 2026 წელი, შესაძლოა, ზარალით დაასრულოს - პირველად 2015 წლის დიზელის სკანდალის შემდეგ.




