რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
შეხვედრა მოსკოვში, „გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები რუსეთისთვის შეშფოთების საგანია.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რეგიონში ვითარება დადებითად განვითარდება.
„ჩვენ ახლახან განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. რა თქმა უნდა, ეს შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ ჩვენში, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში, რადგან ირანთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩვენ მეზობლები ვართ. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს და ვცდილობთ, ყველა მათგანი განვახორციელოთ. იმედი გვაქვს, რომ მოვლენები დადებითად განვითარდება“, – განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მადლობას უხდის რუსეთს პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის.
ამასთან, ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველდღიურად იზრდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვაფასებთ თქვენს რჩევებსა და მხარდაჭერას პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებში. როგორც აღნიშნეთ, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები იზრდება და დღითიდღე ვითარდება. რეგიონში თავისი ქმედებებით აშშ ფაქტობრივად, გვიბიძგებს, რომ ერთად გავაგრძელოთ მრავალმხრივი თანამშრომლობის კურსი“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.








