მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელსაც ყოველწლიურად იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღვნიშნავთ, გვახსენებს, რომ მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის მისია, უდიდესი პასუხისმგებლობა და ეროვნული მნიშვნელობის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
მინისტრმა პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა და მათი ღვაწლის დაფასებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა იცოდეთ, ჩვენ გვესმის თქვენი შრომის ფასი, ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ და ვთვლით, რომ განათლების სისტემის განვითარება მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. თითოეულ ჩვენგანს გვყავს მასწავლებელი, რომლის სიტყვა და რჩევა-დარიგება მთელი ცხოვრება გვახსოვს. გვახსოვს მისი დამოკიდებულება, ყურადღება და მხარდაჭერა – ეს მოგონებები არასოდეს იშლება ჩვენი მეხსიერებიდან. დღეს უკვე ვხედავ მასწავლებლები როგორ აძლევენ ცოდნას ჩემს შვილებს, ასწავლიან აზროვნებას და შრომას, უნერგავენ სამშობლოს ერთგულებასა და სიყვარულს. სწორედ ამიტომ დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც მშობელი, ხუთი შვილის მამა, რომელსაც საკუთარი შვილების თქვენთვის მინდობა მშვიდად და თავისუფლად შეუძლია, რადგან ვიცი, ჩემი შვილების გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც მათ განათლებასა და კეთილდღეობაზე ისევე ზრუნავენ, როგორც საკუთარი შვილების მომავალზე. ეს ნდობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და მინდა, თითოეულ თქვენგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამ პასუხისმგებლობას ყოველდღიურად ღირსეულად ატარებთ. ჩემთვის დღევანდელი დღე უპირველესად სწორედ ამ მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობაა.
არ შემიძლია, არ ვახსენო PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგები, სადაც საქართველომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მონაწილე 91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენა და რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ამასთან, საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც სამივე მიმართულებით – კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – შედეგების გაუმჯობესება შეძლეს.
ეს შედეგები საგანგებოდ ჩატარებულ კონფერენციაზე ევროპაში, კერძოდ, ბრატისლავაში გამოგვიცხადეს, სადაც 30 ქვეყნის განათლების მინისტრები ვიყავით შეკრებილნი და მე ვიყავი მათ შორის გამორჩეულად ამაყი, რადგან ჩვენმა სამშობლომ უპრეცედენტო მიღწევები აჩვენა! ეს არის სწორედ თქვენი – პედაგოგების დამსახურება და როგორ შეიძლება, ამისთვის ყოველდღე მადლობა არ გადაგიხადოთ?! როცა ვიცით, რომ განათლების სისტემის წარმატება, უპირველესად, მასწავლებლის ყოველდღიურ შრომაზე დგას და თქვენი თავდადების, პროფესიონალიზმისა და ბავშვებისადმი გულწრფელი დამოკიდებულების გარეშე ამ შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
კვლევამ სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა და, რა თქმა უნდა, გამოავლინა არსებული გამოწვევებიც. ჩვენ ამ გამოწვევებს არ გავურბივართ. პირიქით, ისინი იმ დოკუმენტებსა და გეგმებში არის ასახული, რომლებზეც დღეს ასე აქტიურად ვმუშაობთ და რომლებიც განათლების სისტემის შემდგომ განვითარებას უნდა დაედოს საფუძვლად. მინდა, იცოდეთ, რომ თქვენი გვერდში დგომის გარეშე ვერ დავგეგმავდით იმ მასშტაბურ რეფორმებს, რომლებსაც დღეს განათლების სისტემაში ვახორციელებთ.
ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას პედაგოგების მხარდაჭერის, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა პედაგოგებს შევუქმნათ შესაბამისი გარემო და ახალი შესაძლებლობები. ჩვენ გვესმის თქვენი შრომის ფასი, ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ და მიგვაჩნია, რომ განათლების სისტემის განვითარება მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
სამინისტროსა და მასწავლებლებს შორის ნდობა და თანამშრომლობა აუცილებელია და მე ამისთვის ყოველთვის მზად ვარ – გისმენთ, რადგან თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა ხდება სკოლაში, რა სჭირდება მოსწავლეს და რა გამოწვევების წინაშე დგას პედაგოგი. იცოდეთ, რომ ჩემი სახით გყავთ ადამიანი, რომელიც თქვენი ინტერესების დამცველი და გვერდში მდგომია.
მინდა, 2026 წლის პრემიის თითოეულ მფლობელს გულწრფელად მივულოცო ეს მნიშვნელოვანი აღიარება. ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია სრულად დაფასდეს მასწავლებელთა ამაგი და ღვაწლი, მაგრამ ის, რომ ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა, არის მოკრძალებული გამოხატულება იმ მადლიერებისა, რომელსაც თითოეული თქვენგანი იმსახურებთ.
გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თავდადებისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც მოსწავლეებს ყოველდღიურად უზიარებთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ნდობითა და თანამშრომლობით შევძლებთ კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას ჩვენი სამშობლოსა და შვილების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.









