უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, უკრაინა დაზიანებული "დრუჟბას" მილსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდებას არ აახლებს, რითაც უნგრეთს "აშანტაჟებს". მანვე დაამატა, რომ "უნგრეთი უკრაინას კოლონია არ გახდება". ამის შესახებ ორბანმა ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.
"პრეზიდენტ ზელენსკის ნავთობსადენი კვლავ დახურული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ის უნგრეთისთვის და სლოვაკეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი ექსპერტები კიევში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან, თუმცა მათ ნავთობსადენთან ისევ არ უშვებენ". - თქვა ორბანმა.
ორბანმა ასევე "უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ" დაგეგმილ "მშვიდობის მარშზე" ილაპარაკა და მოსახლეობას მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"ხვალ მშვიდობის მარშია. ყველას ვთხოვ, რომ შემოგვიერთდნენ. მოდით, გამოვიდეთ უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ. უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება, ზელენსკი აქ ბრძანებებს არ გასცემს". - თქვა ორბანმა.
ორბანმა ასევე დაამატა, რომ მსოფლიოს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო წარმოქმნილი ნავთობის კრიზისის დაძლევა უჭირს. უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ ამის მოგვარება შედარებით იაფი რუსული ნავთობით შეიძლება, თუმცა ბრიუსელი ამ შესაძლებლობას უარყოფს.
"ამერიკელებმა უკვე მიიღეს ზომები და სანქციების მოხსნა დაიწყეს, თუმცა ბრიუსელში ისტერიკა ჯერ ისევ არ ცხრება. ევროკომისია და გერმანიის კანცლერი რუსულ ნავთობზე შეზღუდვებს ტოვებს". - თქვა ორბანმა.








