უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის მიმართვას X-ზე ეხმიანება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ტვიტში უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდა გასცეს ბუდაპეშტი პრაიდის ჩატარების ნებართვა.

ორგანიზატორებს არავითარი სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული სანქციების შიში არ უნდა ჰქონდეთ, - განაცხადა მან და როგორც უნგრეთის, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ ლგბტქ+ თემს აღუთქვა, რომ ის ყოველთვის იქნება მათი მოკავშირე.  

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტს იმავე პლატფორმაზე შეეხმიანა და მკაცრად მოუწოდა მას თავშეკავებისკენ.

„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო!

დაბეჯითებით მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, რადგან მას არანაირი როლი არ აკისრია და კომპეტენცია არ გააჩნია. ამავე დროს,  მოვუწოდებ კომისიას, რომ ყურადღება ევროკავშირის წინაშე არსებულ გადაუდებელ პრობლემებს  მიაპყროს – სფეროებს, სადაც მას ნამდვილად აქვს მკაფიო როლი და პასუხისმგებლობა და სადაც ბოლო წლებში სერიოზული შეცდომები დაუშვა, მაგალითად, ენერგეტიკული კრიზისისადმი  და ევროპის კონკურენტუნარიანობისადმი მიდგომაში.  

პატივისცემით, ვიქტორ ორბანი“, - დაწერა X-ზე ორბანმა.

უნგრული index-ის თქმით, პრაიდის შესახებ დებატებში იუსტიციის მინისტრი ბენს ტუშონიც ჩაერთო. მან ისაუბრა როგორც ორგანიზატორებისთვის, ასევე მონაწილეებისთვის შესაძლო სამართლებრივ შედეგებზე.

„ბავშვთა უფლებების დასაცავად, უნგრეთის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ, კურიამ, ერთხელ უკვე აკრძალა ღონისძიება, მაგრამ გერგეი კარაჩონიმ (ბუდაპეშტის მერი - „აიპრესი“)განაცხადა, რომ ის მაინც გაუწევდა მას ორგანიზებას. შემდეგ პოლიციამ კიდევ ერთი აკრძალვის გადაწყვეტილება გამოსცა, რომელიც გერგელი კარაჩონიმ გააპროტესტა, მაგრამ არ გაასაჩივრა სასამართლოში, ანუ მან მიიღო იგი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.