უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროსასამართლოს მიერ უნგრეთთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ატვირთული პოსტით შეეხმიანა.
ლუქსემბურგში მდებარე ევროპულმა სასამართლომ უნგრეთს ევროკავშირის თავშესაფრის შესახებ კანონის უკიდურესად სერიოზული დარღვევის გამო 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. უნგრეთმა ასევე უნდა გადაიხადოს 1 მილიონი ევრო ყოველი დაგვიანებისთვის. განაჩენის გასაჩივრება არ ექვემდებარება. თანხა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ავტომატურად გამოიქვითება იმ ფინანსური დახმარებიდან, რომელიც უნგრეთს ევროკავშირიდან აქვს გამოყოფილი, მაგრამ გაყინულია მსგავსი სამართლებრივი პრობლემების გამო.
ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და უკიდურესად სერიოზულ დარღვევას, - ნათქვამია ევროსასამართლოს პრესრელიზში.
დავა დაიწყო 2020 წლის დეკემბერში, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა შეზღუდა წვდომა ქვეყნის თავშესაფრის პროცედურებზე საერთაშორისო დაცვის მაძიებლებისთვის. უნგრეთის ხელისუფლებას ბრალად ედებოდა განმცხადებლების უკანონო დაკავება სატრანზიტო ზონებში, მათი ქვეყანაში დარჩენის უფლების დარღვევა და მათი დეპორტაცია, სანამ ისინი არ გაასაჩივრებდნენ მათ უარყოფილ განცხადებას.
იმის გამო, რომ უნგრეთმა უგულებელყო 2020 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება, ევროკომისიამ გადადგა შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯები, რასაც საბოლოოდ 200 მილიონით უნგრეთის დაჯარიმება მოჰყვა.
მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ უნგრეთმა უგულებელყო ლოიალური თანამშრომლობის პრინციპი და განზრახ გვერდი აუარა ბლოკირებული თავშესაფრის კანონმდებლობის გამოყენებას.
„ასეთი საქციელი სერიოზულად ემუქრება ევროკავშირის კანონმდებლობის ერთიანობას, რაც უკიდურესად სერიოზულ გავლენას ახდენს როგორც კერძო ინტერესებზე, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებელთა ინტერესებზე, ასევე საჯარო ინტერესებზე“, - განაცხადეს მოსამართლეებმა.
ვინაიდან უნგრეთის მიერ კანონის დარღვევა დამატებით ზეწოლას ახდენს მეზობელ წევრ ქვეყნებზე, რომლებმაც უნდა იზრუნონ ქვეყნიდან დეპორტირებულებზე, კანონის დარღვევა „სერიოზულად ძირს უთხრის სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის სამართლიანი განაწილების პრინციპს“.
ვიქტორ ორბანის ხელისუფლებას იმიგრაციასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია უკავია, რაც ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და მას „აღმაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა.
„ჩვენ არ შევუშინდებით ბრიუსელის ბიუროკრატების ფინანსურ შანტაჟს! ჩვენ დავიცავთ საზღვრებს და დავიცავთ უნგრელ ხალხს!“- წერს ვიქტორ ორბანი