ევროპარლამენტმა უარი თქვა, მოეხსნა იმუნიტეტი უნგრელი ევროპარლამენტარებისთვის, პეტერ მადიარისთვის და კლარა დობრევისთვის, რასაც უნგრეთის ხელისუფლება ითხოვდა.

ბუდაპეშტში აცხადებენ, რომ ორბანის ოპონენტ პეტერ მადიარისთვის იმუნიტეტის გაუქმება აუცილებელია, რათა ის სასამართლოს წინაშე წარდგეს.

უნგრეთში მადიარს მობილური ტელეფონის ქურდობასა და უნგრეთის მმართველი პარტიის წევრის მიმართ ცილისწამებაში სდებენ ბრალს. კლარა დობრევს კი ცილისწამებაში უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის და ადანაშუალებს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, არ გაუუქმოს იმუნიტეტი პეტერ მადიარს და კლარა დობრევს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრიუსელი თავისიანებს იცავს.

„პოლიტიკოსს, რომელსაც ბრალი ედება ინსაიდერულ ვაჭრობასა და ქურდობაში, ასევე ტერორისტული დაჯგუფების წევრს – ორივეს იცავს ბრიუსელი. ბრიუსელის ბიუროკრატებს უყვართ ლექციების კითხვა, თუმცა მათი მართლმსაჯულების უზენაესობის ფაზლის ნაწილები უბრალოდ არ ეწყობა“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „იქსში“.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი „ტერორისტული დაჯგუფების წევრად“ მოიხსენიებს იტალიელ ევროპარლამენტარ ილარია სალისს, რომლის იმუნიტეტის მოხსნას ასევე ითხოვდა ბუდაპაშეტი. სალისი უნგრეთში ულტრამემარჯვენე დემონსტრანტებზე თავდასხმისთვის გაასამართლეს. ის შინაპატიმრობიდან 2024 წელს გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც ევროდეპუტატად აირჩიეს, თუმცა სასამართლო პროცესი გრძელდება. აღსანიშნავია, რომ იტალიელი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს უჭერდა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ევროპარლამენტში კენჭისყრისას ილარია სალისისთვის იმუნიტეტის შენარჩუნებას 306-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 305 კი წინააღმდეგი წავიდა. 17-მა თავი შეიკავა.

თარგმანი: პირველი არხი