30 იანვრის ღამეს, ვაშინგტონში სამგზავრო თვითმფრინავი რონალდ რეიგანის ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტთან დაშვებისას ჰაერში სამხედრო შვეულმფრენს შეეჯახა, შემდეგ კი მდინარეში ჩავარდა.  ამის შესახებ CNN  აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის, თავდაცვის დეპარტამენტისა და აშშ-ის სხვა სამთავრობო უწყებებზე დაყრდნობით იუწყება.

ავიაკომპანია American Airlines-ის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.

"ადგილზე მუშაობენ, როგორც ფედერალური, ასევე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები, რათა შეძლონ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლივიტმა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშვების დროს თვითმფრინავი დაეჯახა აშშ-ის არმიის ვერტმფრენს, რომლის პორტზეც ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა და VIP-მგზავრები გადაჰყავდა.

ვერტმფრენი ვირჯინიის არმიის ბაზიდან, ფორტ ბელვუარიდან აფრინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ სამგზავრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი მდინარე პოტომაკში აეროპორტის მახლობლად ჩავარდნენ.

შემთხვევის ადგილზე ფართომასშტაბიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

რეიგანის სახელობის ეროვნული აეროპორტი დროებით დაკეტილია საგანგებო მდგომარეობის გამო.

წყარომ სამართალდამცავი ორგანოდან CNN-ს განუცხადა რომ არის დადასტურებული მსხვერპლი და მაშველებს წყლიდან გადარჩენილები ჯერ არ გამოუყვანიათ.

"წყალში მიმოფანტულია თვითმფრინავის ნამსხვრევები, ვერტმფრენი კი იქვე ახლოსაა", - უთხრა წყარომ CNN-ს.