ვაშინგტონში, სიდნეიში, რაბათში და ჯაკარტაში გამართული დემონსტრაციების მონაწილეებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გააკრიტიკეს, - წერს გერმანული პორტალი tagesschau.
ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, ასობით დემონსტრანტი აფრიალებდა პალესტინის დროშებს და სკანდირებდა: „გაათავისუფლეთ პალესტინა". მომიტინგე ლინდა ჰაუტონმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას „შოკის მომგვრელი“ უწოდა. მსოფლიო უყურებს „როგორ კლავს ხალხს არმია, რომელსაც ეს ქვეყანა მხარს უჭერს", - დასძინა მან.
„მე მინდა ომის შეჩერება”, - თქვა მომიტინგე აჰმედ აბედმა. ხალხი ღაზას სექტორში, რომელიც ბლოკირებულია ისრაელის მიერ, „ციხეში იმყოფება".
შეერთებულ შტატებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიტინგები როგორც ისრაელის, ისე პალესტინის მხარდამჭერი მიტინგები გაიმართა.
5000 კაცი შეიკრიბა სიდნეიში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ ყველაზე დიდ ავსტრალიურ დემონსტრაციაზე. მისმა მონაწილეებმა ღაზას სექტორში ისრაელის შეჭრის წინააღმდეგ გაილაშქრეს.
The Guardian Australia-ს ცნობით, ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ადელაიდასა და მელბურნში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაში.
კვლავინდებურად დიდია პალესტინელთა მხარდაჭერა მუსულმანურ ქვეყნებში. მაროკოს ქალაქ რაბათის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო დემონსტრაციაზე. მისმა მონაწილეებმა ისრაელის დროშები დაწვეს.
ჯაკარტაში საპროტესტო დემონსტრაციაზე 2 000 ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „გადაარჩინეთ პალესტინელები", „მოდით, ვილოცოთ ომის დასრულებისთვის".
ანალოგიური დემონსტრაციები გაიმართა შაბათ-კვირას ბანდუნგში, იოგიაკარტაში, სოლოში და მედანში.
tagesschau-ს ცნობით, ისრაელის მხარდამჭერი დემონსტრაციები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა, პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები კი არაერთი ქალაქის ხელისუფლებამ მიიჩნია საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველად და აკრძალა.