რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ევროპასთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაახლოებას, რომლებსაც ომებისა და ძალადობის ეპოქის დაძლევის ისტორიული შანსი გაუჩნდათ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა 17 ნოემბერს, თანამდებობის დაკავების შემდეგ ბაქოსა და ერევანში პირველი ვიზიტით გამგზავრებისას განაცხადა.

"სამხრეთ კავკასიაში ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს საკუთარი გავლენის შენარჩუნებას ადამიანებისა და მათი მომავლის ხარჯზე. თუმცა, რუსეთის მეზობლების ევროპასთან დაახლოების საკითხი მოსკოვში არ უნდა წყდებოდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. დადგა დრო, მოვუსმინოთ მათ ხმას და გავითვალისწინოთ მათი ინტერესები", — აღნიშნა ვადეფულმა.

მან მიუთითა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და მოსკოვიდან წამოსულ სულ უფრო დაუფარავ მუქარებზე. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი "ნათლად ცხადყოფს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ სურს, იხილოს სუვერენულ სახელმწიფოებზე დაფუძნებული ევროპული წესრიგი, სადაც თითოეული ქვეყანა თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს".

სამხრეთ კავკასიას მიეკუთვნება აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. ვადეფულის თქმით, ეს რეგიონი ახლა განიცდის გარდამტეხ მომენტს და აქვს "ისტორიული შანსი, საბოლოოდ დაძლიოს ომების, ძალადობისა და განდევნის ათწლეულები". "ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში თითქმის წარმოუდგენლად ჩანდა, უახლოეს მომავალში მიღწევადი გახდა. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების ეს შანსი აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული", — განაცხადა მინისტრმა.

მან აღნიშნა ის სიმამაცე და პასუხისმგებლობა, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოიჩინეს. ვადეფულმა შეახსენა, რომ 2025 წელს მათ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის პარაფირება მოახდინეს. "ახლა მთავარია თავდაჯერებულად წინსვლა", — განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, გერმანია მზად არის, ამ პროცესში სომხეთისა და აზერბაიჯანის საიმედო პარტნიორი და მეგობარი იყოს.

ვადეფულმა პირობა დადო, რომ ბაქოსა და ერევანში განიხილავს, თუ როგორ შეუძლია ბერლინს, მხარი დაუჭიროს დეესკალაციისა და მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და ღია საზღვრები სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ მის მცხოვრებლებს, არამედ მთელ ევროპას.