გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიერ საკუთარი გავლენის გაძლიერების მცდელობების ფონზე, სურს ხელი შეუწყოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ევროპასთან კავშირების განმტკიცებას.

"ევროპის ინტერესებშია, წინ აღუდგეს ამას და არ მისცეს რუსეთს რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერების საშუალება", — განუცხადა მან ჟურნალისტებს 17 ნოემბერს გერმანიიდან გამგზავრებამდე, იტყობინება DW-ის კორესპონდენტი.

ვადეფულმა შეახსენა, რომ უკრაინის მაგალითზე ევროპა ხედავს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსული გავლენის გაძლიერებას.

მინისტრის თქმით, აუცილებელია სომხეთის ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობის გამოყენება მასთან პოლიტიკური და ეკოლოგიური კავშირების გაფართოების გზით. მან აღნიშნა, რომ სომხეთი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთზე ეკონომიკურ და სამხედრო დამოკიდებულებაში იმყოფებოდა.

ვიზიტის კიდევ ერთ მიზნად ვადეფულმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ხელშეწყობა დაასახელა. მისი თქმით, ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კონფლიქტებს შორის, რომლებსაც მშვიდობიანი მოგვარების შანსი აქვთ.

"მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს", — განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ ორივე მხარე თანახმაა, მიიღოს შეთანხმების ტექსტი, რომელიც ძირითადად უკვე მომზადებულია.

"მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ამან, შესაძლოა, მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა შექმნას ევროპის რეგიონში, რომელმაც არაერთხელ გადაიტანა ომები და ადამიანური მსხვერპლი", — ხაზგასმით აღნიშნა ვადეფულმა.