უნგრეთში რეკორდული სიცხისა და ელექტროენერგიის წარმოების მკვეთრი შემცირების ფონზე მთავრობამ ელექტროენერგიის დაზოგვის საგანგებო ზომები შემოიღო.

ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, გვალვისა და მდინარე დუნაიში წყლის დონის რეკორდულად შემცირების გამო ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის შეზღუდულად მუშაობს. ამან მთავრობა აიძულა, ენერგიის დაზოგვის საგანგებო რეჟიმი გამოეცხადებინა.

ხელისუფლებამ მსხვილ სამრეწველო საწარმოებსა და მოსახლეობას მიმართა თხოვნით, განსაკუთრებით 17:00-დან 22:00 საათამდე, პიკური დატვირთვის პერიოდში, შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება. ამავე პერიოდში აკრძალულია სატვირთო მატარებლების მოძრაობა, ხოლო ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობების განათება გაითიშება.

ენერგიის დაზოგვის მიზნით მთავრობამ ასევე მიმდინარე კვირაში პარლამენტის სხდომებიც გააუქმა.

ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების გეგმები უკვე გამოაცხადა რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის ენერგეტიკულმა კომპანიამ, Mol-მა, ფარმაცევტულმა მწარმოებელმა, Gedeon Richter-მა, ასევე ავტომწარმოებლებმა Suzuki-მ, Mercedes-Benz-მა, Audi-მ და BMW-მ.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგური „პაკში“ სრულ გაჩერებას გადაურჩა, რადგანაც დუნაიში წყლის დონემ მცირედით მოიმატა.