უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლვოვი-ჩოპის ტრასაზე მომხდარი ავტოკასტროფის დროს მძიმედ დაშავდა და ჰოსპიტალში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი.

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს, 8 ოქტომბერს, საღამოს, ლვოვი-ჩოპის ტრასაზე მოჰყვა ავარიაში.

„აუდი A8"-ს, რომელშის ეკა ტყეშელაშვილი იმყოფებოდა, შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი. შეჯახების შედეგად ჰიუნდაის მარკის ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი საავადმყოფოში მარცხენა წინამხრის მოტეხილობის, ტვინის შერყევის და გულმკერდის ტრავმის დიაგნოზით გადაიყვანეს".
 
ანტიკორუფციული ბიუროს პორტალის თანახმად, პოლიცია აცხადებს, რომ საჭესთან არა ეკა ტყეშელაშვილი არამედ მამაკაცი იმყოფებოდა, სხვა უკრაინული საიტები კი წერენ, რომ პოლიციის ცნობით, ავტომობილს ეკა ტყეშელაშვილის მეუღლე მართავდა.

ცნობისთვის, ეკა ტყეშელაშვილი 2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2005-2006 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2006-2007 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, 2007-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი, 2008 წლის 1 თებერვლიდან 5 მაისამდე კი საქართველოს გენერალური პროკურორი.

2008 წლის 5 მაისიდან 6 დეკემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, 2008 წლის დეკემბერში დაინიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად, 2010 წლის 20 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე კი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში და იმავდროულად, ვიცე-პრემიერი.