რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად 135 ქვეყნიდან 27 000-ზე მეტი უცხოელი დაიქირავა.
ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებში საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯარისკაცების გადაბირება და უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება ძირითადად ისეთი ქვეყნებიდან ხდება, როგორებიცაა ეგვიპტე, იემენი, სომალი, ერაყი, ალჟირი, სირია, მაროკო და იორდანია.
მედიის ცნობით, საერთო ჯამში, ასობით უცხოელი იმყოფება უკრაინის ტყვეობაში და მათი რიცხვი კვლავ იზრდება.
როგორც უკრაინული მედია წერს, ყოველ კვირას უკრაინის თავდაცვის ძალები უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქეს იჭერენ, რომლებსაც კრემლის რეჟიმი, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გზავნის.
ამასთან, საკოორდინაციო შტაბი აღნიშნავს, რომ მათ უკვე გამოაქვეყნეს მონაცემები რუსეთის არმიაში მომსახურე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 10 000-ზე მეტი პირის შესახებ. საერთო ჯამში, დაზვერვის მონაცემებით, ამჟამად ცნობილია, რომ რუსეთის არმიაში 135 ქვეყნიდან 27 407 უცხოელი გაიწვიეს. საკოორდინაციო შტაბი იუწყება, რომ მხოლოდ 2025 წელს აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის არაბულენოვანი ქვეყნებიდან ასობით ადამიანი აღმოჩნდა რუსეთის საოკუპაციო ძალებში.




