უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რომ რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას F-16 მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა და მფრინავი დაიღუპა.
გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების დანაყოფებთან ერთად F-16 გამანადგურებლები მონაწილეობდნენ. საჰაერო ბრძოლის დროს გამანადგურებლებმა მაღალი ეფექტურობა გამოავლინეს და მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. მომდევნო სამიზნეზე იერიშის დროს ერთ გამანადგურებელთა კავშირი გაწყდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა და პილოტი დაიღუპა. ავარიის მიზეზების დასადგენად კატასტროფის ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი" აღნიშნავდა, რომ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლის თქმით, ავიაკატასტროფა არ იყო რუსეთის საჰაერო ძალების ცეცხლის შედეგი და შესაძლო მიზეზები - დაწყებული პილოტის შეცდომიდან მექანიკურ უწესივრობამდე - გამოსაძიებელია.
მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამანადგურებლის ჩამოვარდნის მიზეზი „მეგობრული ცეცხლი" იყო. ერთ-ერთი, ვინც ასეთი განცხადება გაავრცელა, უკრაინის რადას დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის" ყოფილი წევრი მარიანა ბეზუგლაა.
„ჩემი ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავის ალექსეი „Moonfish“ მესის F-16 „პატრიოტის" საზენიტო სარაკეტო სისტემით, ქვედანაყოფებს შორის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად ჩამოვარდა. ომი ომია, ასეთი ეპიზოდები შესაძლებელია, მაგრამ ტყუილებს, რასაც არამხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს, მივყავართ იმ ფაქტამდე, რომ სამხედრო გადაწყვეტილებების მართვის სისტემა არათუ უმჯობესდება ჭეშმარიტი, თანმიმდევრულად შეგროვებული ანალიტიკის საფუძველზე, არამედ უარესდება და კოლაფსის მდგომარეობაშიც კია, როგორც ეს ხდება პოკროვსკის მიმართულებით. და არც ერთი გენერალი არ დასჯილა. გენერალი ოლეშჩუკი (უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი - „აიპრესი") თანამდებობაზე რჩება, - დაწერა რადას დეპუტატმა სოციალურ ქსელში.
ასეთივე ვერსია, თუმცა არა რადას დეპუტატზე დაყრდნობით, გავრცელდა უკრაინულ პრესაში.
„უკრაინის სამხედრო სარდლობა განიხილავს F-16 გამანადგურებლის ჩამოვარდნის სხვადასხვა ვერსიას, მათ შორის, როგორც პილოტის შეცდომას, ასევე თავის საჰაერო თავდაცვის „მეგობრული ცეცხლის“ ვერსია", - წერენ უკრაინული სააგენტოები „ამერიკის ხმის" უკრაინულენოვან გამოცემაზე დაყრდნობით. თავის მხრივ, „ამერიკის ხმა" უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინკოგნიტო წარმომადგენელს ეყრდნობა.