დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთიც შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი ავრცელებს.
"ესტონეთი, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, უერთდება უკრაინის მხარდამჭერ დიდი შვიდეულის დეკლარაციას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებამდე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას NATO-სა და ევროკავშირის გზაზე", - წერს კაია კალასი Twitter-ზე.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას საბერძნეთი, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი აწერენ ხელს.
12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტის დასასრულს დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, დიდი შვიდეულის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
დიდი შვიდეულის ქვეყნების დახმარება მოიცავს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროებში. ასევე, წვრთნებს უკრაინელი ძალებისთვის, სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას და დაცვას კიბერშეტევებისგან.