14 დეკემბერს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევში 13 კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. ამ ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, რუსული დრონების თავდასხმის ორი ტალღა იყო. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან, დანგრეულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლი.

"საჰაერო თავდაცვის და ელექტრონული ომის ქვედანაყოფების ეფექტური მუშაობის წყალობით განადგურდა მტრის 13 დრონი. ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები დაეცა ერთ ადმინისტრაციულ შენობას, ოთხმა საცხოვრებელმა სახლმა მცირე დაზიანება მიიღო. მოქალაქეები არ დაშავებულან". - თქვა პოპკომ.

ტელეკომპანია "კიევმა" გამოაქვეყნა საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები, რომელზეც არის წარწერა: "რიაზანისთვის!"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის ძალებს კამიკაძე დრონების ჩამოგდებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ტერორისტებმა დღევანდელი დილა 13 Shahed-ით დაიწყეს. უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ 13-ვე ჩამოაგდო. ვამაყობ თქვენით!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.