კომპანია SpaceX-მა 14 ოქტომბრის ღამეს შესაძლოა შეზღუდა წვდომა Starshield-ზე — Starlink-ის მომსახურების "სამხედრო პაკეტზე". ასეთი ვარაუდი Telegram-ში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, სერჰი ბესკრესტნოვმა გამოთქვა.

"ვადასტურებ, რომ გასულ ღამეს კომპანია SpaceX-მა შემოიღო შეზღუდვა Starlink-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარეზე მოძრაობის დროს", — დაწერა მან. შეზღუდვა ამოქმედდება საათში 100 მილზე (160 კილომეტრზე) მეტი სიჩქარის განვითარებისას, დააზუსტა ბესკრესტნოვმა.

"ჩვენს თავდაცვის ძალებს ამ შეზღუდვის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ, რამაც რამდენიმე მისიის ჩაშლა გამოიწვია. აშკარაა, რომ ეს ზომა არ შეიძლება იყოს შემთხვევითობა და უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას", — ივარაუდა მან.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, სერჰი სტერნენკომ თავის მხრივ Facebook-ზე აღნიშნა, რომ კომპანია SpaceX-მა, სავარაუდოდ, "ამ ზომებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით მიმართა". "სპეციალური დანიშნულების გარდა, ჩვეულებრივი თანამგზავრული კავშირის ტერმინალები ჯერჯერობით მუშაობს", — დასძინა მან.

როგორც გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" იტყობინება, ერთ-ერთმა მეთაურმა მათ გაუგზავნა ვიდეო, რომელზედაც ჩანს, რომ ორ უკრაინულ დრონს კავშირი უწყდება და ისინი მისიის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

საათში 160 კმ-მდე სიჩქარის დრონებზე, როგორც წესი, ჩვეულებრივ Starlink-ს აყენებენ. უფრო სწრაფი მისიებისთვის კი საჭიროა წვდომა Starshield-ზე, დააზუსტა გამოცემამ.

SpaceX-სა და ტრამპის ადმინისტრაციაში ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მანამდე, 11 ოქტომბერს, ამერიკელმა ტექნომილიარდერმა ილონ მასკმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე (ნგქ) დარტყმების გამო და განაცხადა, რომ უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება.

SpaceX-ის დამფუძნებელმა კომენტარი გააკეთა კიდევ ერთ პოსტზე, რომელშიც მოყვანილი იყო ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. "ვეთანხმები, უკრაინისთვის დროა იპოვოს ახალი ლიდერი", — დაწერა მასკმა.

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ უზრუნველყოფილი Starlink-ის თანამგზავრული სისტემა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფრონტის ხაზზე კომუნიკაციის, მართვისა და უპილოტო საფრენი აპარატების ოპერაციების განხორციელების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ამავდროულად, მასკსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ტერმინალების გამოყენების არეალსა და პოლიტიკურ პირობებზე აზრთა სხვადასხვაობა მანამდეც არაერთხელ გაჩენილა — მათ შორის, ყირიმსა და რუსეთის სიღრმეში იერიშების განხორციელების შეზღუდვებთან დაკავშირებით.