უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, კრასნოდარის მხარეში მდებარე ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის შედეგად, რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის რამდენიმე ხომალდი დაზიანდა. 

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ერთობლივი სპეციალური ოპერაციის დროს გამოყენებული იყო "ნეპტუნის" ტიპის რაკეტები, შორ მანძილზე მოქმედი დამრტყმელი დრონები და ზღვის კატერები.  

უკრაინული მხარის ცნობით, იერიშის შედეგად სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ძირითადმა ერთეულმა, მათ შორის, ფრეგატებმა "ადმირალ ესენმა" და "ადმირალ მაკაროვმა" (რომლებიც ფრთოსანი რაკეტების "კალიბრის" მატარებლები არიან), მცირე სარაკეტო ხომალდმა "ბუიან-მ"-მა და საპატრულო ხომალდმა "ვასილი ბიკოვმა".  

გარდა სამხედრო ხომალდებისა, თავდასხმის სამიზნე გახდა ნოვოროსიისკის პორტის ინფრასტრუქტურა, საჰაერო თავდაცვის სისტემები (მათ შორის S-300 კომპლექსის რადიოლოკაციური სადგური) და ნავთობტერმინალების მიმდებარე ტერიტორიები.  

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაციას "უნიკალური" უწოდა და აღნიშნა, რომ ნოვოროსიისკი რუსეთისთვის შავ ზღვაში ძირითად საყრდენ ბაზას წარმოადგენს, სადაც მოსკოვმა ყირიმში განცდილი დანაკარგებისა და მუდმივი იერიშების შემდეგ ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიყვანა.  

რუსული მხარის ოფიციალური სტრუქტურები ხომალდების დაზიანების ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იერიშს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ქალაქის სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებში.