უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მზაობა გამოთქვა, დათანხმდეს აშშ-ის შეთავაზებას უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ, თუმცა გარკვეული პირობებით. თანამოქალაქეებისადმი მიმართვაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი დეესკალაციისკენ ნაბიჯებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ვაშინგტონი უზრუნველყოფს რუსეთის რეალურ მზაობას ომის შესაჩერებლად.

"ახლა არსებობს შეერთებული შტატების სერიოზული წინადადება კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ, — განაცხადა ზელენსკიმ. — და თუ ეს შეიძლება გახდეს დეესკალაციის პირველი ნაბიჯი — ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს რუსეთის მხრიდან ჩვენს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე და ჩვენი მხრიდან საპასუხო დარტყმების შეწყვეტას, — მაშინ, უკრაინა მზადაა, მხარი დაუჭიროს დეესკალაციას".

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა კონსტატაცია მოახდინა, რომ "ჯერჯერობით არავის დაუნახავს რუსეთის რეალური სურვილი, რომ ომი დაასრულოს". "საჭიროა ძლიერი, სამართლიანი გადაწყვეტილება და არა "არჩევნებისთვის", არამედ ხანგრძლივი პერიოდით. ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან კონკრეტულობას ველოდებით", — შეაჯამა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იმავე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მიყენების შეწყვეტაზე. დიზელის საწვავზე მსოფლიო ფასების ზრდა მან "უმეტესწილად" რუსეთისა და უკრაინის ომს დაუკავშირა და არა შეერთებული შტატების და ირანის.

რუსეთის მხრიდან თეთრი სახლის ხელმძღვანელის ამ განცხადებაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. გაზეთ Financial Times-ის (FT) ცნობით, კრემლის პოზიციასთან ახლოს მდგომ წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ ამან, შესაძლოა, გააძლიეროს კიევზე ზეწოლა და მას დათმობებზე წასვლა აიძულოს. აგვისტოს ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალ მასშტაბურ დარტყმებს ამზადებენ.