უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰეორჰი ტიხი 19 მაისს ესტონეთში დრონის ჩამოგდების ფაქტს ეხმიანება.
ტიხის განცხადებით, რუსეთი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებით განზრახ ცვლის უკრაინული დრონების მიმართულებას ბალტიის ქვეყნებისკენ.
"მოსკოვი ამას შეგნებულად აკეთებს და ამას გაძლიერებულ პროპაგანდასთან აერთიანებს. ბოდიშს ვუხდით ესტონეთსა და ჩვენს ყველა ბალტიურ მეგობარს მსგავსი უნებლიე ინციდენტებისთვის", - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას შესაბამის უწყებებს შორის, რათა თითოეული შემთხვევის გარემოებები დადგინდეს და მსგავსი ფაქტების პრევენციის გზები მოიძებნოს, მათ შორის უკრაინელი ექსპერტების უშუალო მონაწილეობით.
"კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ რუსეთის პროპაგანდის მტკიცებების მიუხედავად, არც ესტონეთს, არც ლატვიას, არც ლიეტივას და არც ფინეთს არასდროს დაუშვიათ მათი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთზე დარტყმებისთვის. უფრო მეტიც, უკრაინას მსგავსი თხოვნით არასოდეს მიუმართავს", - აღნიშნა ტიხიმ.




