თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა განაცხადა, რომ თურქეთმა ერთი წლით გააგრძელა რუსულ გაზზე კონტრაქტები, რომელთა ვადაც 2025 წლის ბოლოს იწურება - საერთო მოცულობით 22 მილიარდი კუბური მეტრი.
ანკარამ, რომელიც რჩება რუსული გაზის ბოლო მსხვილ იმპორტიორად ევროპაში, პარალელურად რამდენიმე გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვაზე.
თურქეთი თხევად გაზს ძირითადად აშშ-სგან შეისყიდის."გაზის "გაზპრომისგან" შესყიდვა მომავალ წელს გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ ორიენტირებული ვართ უფრო მოკლე პერსპექტივაზე – დაახლოებით ერთ წელზე," – დაამატა ბაირაქთარმა.
მისი თქმით, თურქეთი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ირანიდან 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტის შესახებ, რომლის ვადაც 2026 წლის ივლისში იწურება.
გარდა ამისა, განიხილება ირანის გავლით შემომავალი თურქმენული გაზის მოცულობის გაზრდა.
ბაირაქთარმა განაცხადა, რომ თურქეთი გეგმავს ინვესტირებას შეერთებულ შტატებში გაზის მოპოვებაში, რათა დააზღვიოს 15 წლის განმავლობაში აშშ-დან 1500 პარტიამდე LNG-ის შესყიდვის ვალდებულება.
"ჩვენი პოზიციის დაზღვევისა და სრული ჯაჭვის შესაქმნელად, განვიხილავთ ამერიკულ ბაზარზე წარმოების ჯაჭვის უფრო ზედა სეგმენტებში ინვესტირების შესაძლებლობას," – თქვა მან.
ენერგეტიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის სახელმწიფო კომპანია TPAO მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკულ ენერგეტიკულ გიგანტებთან, მათ შორის Chevron-თან და Exxon-თან და შეთანხმება შეიძლება უკვე იანვარში გაფორმდეს.




